თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება და მის ბრალდებებს "თავხედურ ტყუილებს" უწოდებს.
ამსტერდამი აცხადებს, რომ "საერთაშორისო სამართლის 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ის ვერ იხსენებს, რომ საქმე აღძრულიყო მსგავსი, არარსებული მიზეზებით".
"ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის", - წერს ადვოკატი.
ადვოკატი აცხადებს, რომ ივანიშვილის ინტერესების დამცველის განცხადება ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურ მოტივაციას ატარებს.
"ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად იღებს ამ ბრალდებას და ახლა, როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს აბსოლუტურად ხაზს უსვამს საქმის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას, გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ბაჩიაშვილის კარგი რეპუტაცია", - წერს ადვოკატი.
მისი თქმით, სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებენ.
დღეს, 10 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მითვისებული ბიტკოინებით დააგროვა.
ადვოკატის განცხადებით, გარდა ამისა, ბაჩიაშვილმა ქონება, შესაძლოა, მტკვარი ჰესის მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხითაც დააგროვა.
მისი თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კრიპტოპლათფორმის/კრიპტობირჟის ძირითად ბენეფიციარ მესაკუთრედ, რომელსაც ფლობს სხვადასხვა იურიდიული პირების მეშვეობით. მისივე განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სწორედ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის ინვესტირების შედეგად შეძლო ამ ბიზნესის ჩამოყალიბება და მითვისებულ კრიპტოვალუტას იყენებს ბირჟის ყოველდღიური საქმიანობისათვის.
ადვოკატი აცხადებს, რომ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.